Acts 18

Georgian(i) 1 ამისა შემდგომად გამოვიდა პავლე ათინელთა მათგან და მოვიდა კორინთედ; 2 და პოა ვინმე ჰურიაჲ, სახელით აკჳლა, პონტოელი ნათესავით, რამეთუ მაშინ ოდენ მოსრულ იყო იგი იტალიაჲთ, და პრისკილა, ცოლი მისი, - რამეთუ ებრძანა კლავდის კეისარსა განშორებად ყოველნი ჰურიანი ჰრომით, - მოვიდა მათა 3 და, რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა, რამეთუ იყვნეს ჴელოვნებით მეპრატაკე. 4 და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა. 5 და ოდეს მოვიდეს მაკედონიაჲთ შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესუს. 6 ხოლო იგინი ვითარ უჴდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თჳსი და ჰრქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე. 7 და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახლსა ვისსამე, რომელსა სახელი ერქუა ტიტოს, ძისა იოსტოჲსსა, ღმრთის მსახურისა, რომლისა სახლი ეზღვრებოდა შესაკრებელსა მას. 8 ხოლო კრისპოსს შესაკრებელის მთავარსა ჰრწმენა უფალი ყოვლითურთ სახლეულით მისით, და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენა და ნათელს-იღებდეს. 9 ჰრქუა უფალმან ჩუენებით ღამე პავლეს: ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი, 10 რამეთუ მე ვარ შენ თანა, და არავინ შეუძლოს ბოროტის ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა. 11 და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა. 12 ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ, ზედა მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე 13 და იტყოდეს, ვითარმედ: თჳნიერ სჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა. 14 და ვითარცა ეგულებოდა პაველს აღებად პირისა, ჰრქუა გალიონ ჰურიათა მათ: უკუეთუმცა იყო შეცოდებათაგანი რაჲმე ძჳრის საქმე ბოროტი, ჵ ჰურიანო, სიტყჳსა მისებრმცა თავს-ვიდევ თქუენი; 15 უკუეთუ ძიებაჲ რაჲმე არს სიტყჳსათჳს და სახელებისა და სჯულისა თქუენისა, თქუენ იხილეთ, რამეთუ მე მსაჯულ ეგევითართათჳს არა მნებავს ყოფად. 16 და განასხნა იგინი საყდრისაგან. 17 მაშინ შეიპყრეს ყოველთა წარმართთა სოსთენი, შესაკრებელის მთავარი, და სცემდეს საყდარსა წინაშე; და არარას ზრუნვიდა ამათგანსა გალიონ. 18 ხოლო პავლე და-ვეღა-ადგრა მუნ მრავალ დღე ძმათა თანა, და მერმე იჯმნა და განვიდა ნავითა ასურეთად, და მის თანა პრისკილა და აკვილა. ხოლო იკუეცა მან თმაჲ კენქრეს, რამეთუ აღთქუმაჲ აღეთქუა. 19 და მიიწია ეფესოდ, იგინი დაუტევნა მუნ, და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ. 20 და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება, 21 არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალჱმს აღსრულებად და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა. შევიდა ნავსა ეფესოჲთ 22 და შთავიდა კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაჲ და შთავიდა ანტიოქიად, 23 და დაყო ჟამი რაოდენმე და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგჳაჲსსა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა. 24 ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან. 25 ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი. 26 ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ. 27 და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ, 28 რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ.